logo
ENG



"ბიჭები ბოლომდე იბრძოლებენ, თუმცა ელიან, რომ მათთვისაც იბრძოლებენ" - აზოვის მეთაური

18 აპრ 202220:37
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/18/42dm2w27kgwfl4c.png

აზოვის ბატალიონის მეთაური, ანდრეი ბელეცკი აცხადებს, რომ ახლა ერთ-ერთი მთავარი საკითხი ჰუმანიტარული დერეფნის ორგანიზება და მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების გაყვანაა.

ფორმულასთან ინტერვიუში ბელეცკიმ აღნიშნა, რომ დაჭრილები, ქალები და ბავშვები იმყოფებიან "აზოვსტალის" ტერიტორიაზეც, რომელიც გამუდმებით ავიაიერიშების სამიზნეა.

მისი თქმით, მშვიდობიან მოქალაქეებს ზაპოროჟიისკენ გასვლის საშუალება უნდა მიეცეს.

"აზოვსტალი" გამუდმებით იბომბება. ფაქტობრივად, დაბომბვას არ წყვეტენ. ქარხანა მუდმივად ან საარტილერიო, ან ავიაიერიშების სამიზნეა. სამწუხარო ისაა, რომ იქ სამხედროების გარდა მარიუპოლის ბევრი მცხოვრებია, რომლებსაც ძალიან ეშინიათ. მით უმეტეს, იმ ყველაფრის შემდეგ რაც ბუჩასა და ირპინში მოხდა, რაც მარიუპოლში, ქუჩებში ხდებოდა. ეშინიათ, რომ მათ ფიზიკურად გაუსწორდებიან. იქ ბევრი ქალია, ძალიან ბევრი, ბავშვი რამდენიმე ასეული დაჭრილი. როგორც მებრძოლები, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობა.

ახლა ადამიანური თვალსაზრისით ერთ-ერთი მთავარი საკითხი ჰუმანიტარული დერეფნის ორგანიზებაა. ამ ხალხს უკრაინის ტერიტორიაზე, ზაპოროჟიისკენ გასვლის საშუალება უნდა მიეცეს იმიტომ, რომ მარიუპოლიდან ათასობით ადამიანი საკონცენტრაციო ბანაკებში ხვდება, ეს ერთეული შემთხვევები არაა, ეს მასობრივი მოვლენაა. ხალხი საფილტრაციო ბანაკებში გადაჰყავთ, ზოგი კი საკონცენტრაციო ბანაკებში ხვდება ან რუსეთის ან ე.წ. ლუგანსკისა და ნოვოაზოვსკის ტერიტორიებზე. აუცილებელია ქარხნიდან ბავშვების, ქალების, დაჭრილების ევაკუაცია. ამ სიტუაციას არამხოლოდ სამხედრო, არამედ ადამიანური განზომილება აქვს. რუსეთი უარს ამბობს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე ჰუმანიტარულ დერეფანთან დაკავშირებით", - ამბობს ბელეცკი.

რაც შეეხება რუსეთის ულტიმატუმს იარაღის დაყრასთან დაკავშირებით, ბელეცკი ამბობს, რომ აზოვის ბატალიონი დანებებას არ აპირებს და ბოლომდე ბრძოლა შეუძლიათ.

ბატალიონის მეთაური დასძენს, რომ სამოქალაქო პირების გამოყენება დათმობის ან ჩაბარების მოსათხოვნად, ტერორიზმია.

"არსებობს ომის კანონები. ისინი გაწერილია და საერთაშორისო სამართალში შესაბამისი უამრავი დოკუმენტი არსებობს. ის სამხედროებისთვის განსაზღვრული მოთხოვნები მკაცრადაა გამიჯნული იმ კანონებისგან, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას და დაჭრილებს იცავს. ამიტომ ვამბობ, რომ სამხედროებს და მათ მეთაურებს აქვთ უფლება მიიღონ გადაწყვეტილება, ჩაბარდნენ თუ არა. სამოქალაქო პირების გამოყენება რაიმე დათმობის ან ჩაბარების მოსათხოვნად ტერორიზმია, ამას სამხედრო ქმედებები არ ჰქვია", - განაცხადა მან.

ბელეცკი აღნიშნავს, რომ შეიარაღების თვალსაზრისით მდგომარეობა მარტივი არაა, თუმცა მისივე თქმით, საკვები პროდუქტების კუთხით აზოვსტალში არსებული სიტუაცია გაცილებით უკეთესია, ვიდრე ალყაში მოქცეული სხვა ქალაქებში.

"ქალაქი უკვე თითქმის ორი თვეა ალყაშია. არაფერი მიეწოდებათ. შესაბამისად, შეიარაღებასთან დაკავშირებით მდგომარეობა მარტივი არაა. განსაკუთრებით, როცა საქმე საარტილერიო, მძიმე შეიარაღებას ეხება. ჯერჯერობით იარაღი აქვთ. რთული სიტუაციის მიუხედავად, აზოვსტალში სიტუაცია მაგალითად საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებით გაცილებით უკეთესია ვიდრე ალყაში მოქცეულ სხვა წერტილებში. ბიჭები მზად არიან ბოლომდე იბრძოლონ, თუმცა ელიან, რომ უკრაინა და მსოფლიოს ცივილიზებული ძალებიც მათთვის ბოლომდე იბრძოლებენ", - განაცხადა ბელეცკიმ.

რუსეთმა მარიუპოლში მებრძოლ უკრაინელებს იარაღის დაყრა და დანებება მოსთხოვა. ულტიმატუმის ვადა კი 17 აპრილის 13:00 საათამდე მისცა. მარიუპოლის მცველებმა დანებებაზე უარი თქვეს. 

რუსეთი აცხადებს, რომ ამის გამო ქალაქს სრულად დახურავს. 

საპორტო ქალაქი მარიუპოლი 1-ლი მარტიდან რუსების ალყაშია. რუსი ჯარისკაცები ანადგურებენ ინფრასტრუქტურას, სასტიკად უსწორდებიან, აწამებენ და ხოცავენ მშვიდობიან მოქალაქეებს. მათი ნაწილის ევაკუაცია მოხერხდა, თუმცა, 100 ათასამდე მოქალაქე კვლავ ქალაქში რჩება. ისინი სარდაფებში უწყლობით და შიმშილით იხოცებიან. რუსი ჯარისკაცები მარიუპოლში ჰუმანიტარული დახმარების მანქანებს არ უშვებენ. 


close დახურვა